Image

(გიორგი კეკელიძე, „ახალი სიმღერები“, გამომცემლობა ინტელექტი, 2023)

დიდი პოეტი ტყეში ყველაზე მაღალ ხეს ჰგავს. მისი ჩრდილი ხშირად საზიანოა სხვა, მეორე იარუსზე მყოფ ხეთათვის. მეორე იარუსზე მყოფნი გადარჩენის სხვა სტრატეგიას ირჩევენ. ისინი ჩრდილის მოყვარულები ხდებიან და მხოლოდ მზის იმ სხივებით კმაყოფილდებიან, რომელიც დიდმა ხემ მათთვის გაიმეტა.

თუ რომელ იარუსზეა გიორგი – ეს მისი გადასაწყვეტია.

მეორე იარუსი სულაც არ აკნინებს პოეტის  მნიშვნელობას. თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სოციოლოგის აზრით, სწორედაც ამ მეორე იარუსზე მყოფთა შემოქმედებას აქვს არსებითი მნიშვნელობა კონკრეტული საზოგადოების სოციალური სისტემებისა და ფენომენების გასაგებად. მაგრამ ამაზე აქ აღარ ვიმსჯელებთ. ეს სალექციო თემაა.

ვინ ადგენს თუ ვინა არის პირველსა და მეორე იარუსზე? დრო? ალბათ, არა, რადგან დროს თვითონ პოეტი ქმნის. მან თვითონ უნდა თქვას, რომ ის მეფეა: რუსთაველიც ასე უწოდებდა თავის თავს „დიდს“, თუმცაღა ირიბად, შაირის მისეულ თეორიაში, გალაკტიონი კი – მეფეს. შეფასების საკმარისი კრიტერიუმია პოეტისთვის? ვფიქრობ, სრულებით საკმარისი. სულელებს, რამდენიც არ უნდა იძახონ მეფე ვარო, მაინც არც არავინ დაუჯერებს.

თანამედროვე ქართულ პოეზიაში ასეთი დიდი ხე გალაკტიონი იყო. თანამედროვე ქართული პოეზია ან გალაკტიონთან ჭიდილში ან მისგან გაქცევაში დაიბადა. მეფე და პოეტი – გალაკტიონი – თავის თავს „უწინაპროდ“ არ მიიჩნევდა (ამასთან დაკავშირებით იხ. ზაზა შათირიშვილი, „გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა“, 1915-1927, ლოგოსპრესი, 2004), თუმცა მისი პოეტური ენა სრულებით ახალი და „ინტეგრალური“ (როგორც ამას მიხეილ კვესელავა აღნიშნავდა. იხ. მიხეილ კვესელავა, „პოეტური ინტეგრალები: გალაკტიონ ტაბიძე და თანამედროვე ქართული პოეზია“, საბჭოთა საქართველო, 1977) იყო. კვესელავამ შემთხვევით არ გამოიყენა ინტეგრალის ცნება მისი პოეზიის „დაანგარიშებისათვის“. პოეზია ალგებრას ჰგავს, მასავით პარადოქსულად ზეეროვნულია და ალგებრასავით ზუსტი. პოეტურ ქმნილებაში არაფერია ზედმეტი, პლეონაზმი მასში წარმოუდგენელია. გიორგი კეკელიძის პოეზიაც „ალგებრალურია“. გალაკტიონის შემდეგაც იყვნენ დიდი პოეტები, რომლებიც ისე იქცეოდნენ, თითქოს გალაკტიონი სულაც არ ყოფილიყო. მრავალთა შორის ერთს გავიხსენებ: ოთარ ჭილაძე.

პოეტებზე წინამორბედთა ზეგავლენა ყოველთვის პროდუქტიული და სასარგებლოა, რადგან ადამიანი, ზოგადად,  ზეგავლენათა „მიმღები ცხოველია“- Homo acceptor, ის სხვათა „ბაძვაში“ ყალიბდება და ამ პროცესში თავის თავს, თვითობას ქმნის, პოეტი კი – განსაკუთრებით. გიორგი კეკელიძეც გავლენის ქვეშაა. მისი ლექსიც ციტატურია და ეს მას მშვენიერებას ანიჭებს. ყველანი მაინც მეტ-ნაკლებად სხვათა ციტატებით ვართ შეკერილნი.

ყოველ  ჩვენგანში ბევრი „სხვაა“. და მიუხედავად იმისა, რომ სხვათა ზეგავლენით ვყალიბდებით, მაინც მარტოსული არსებები ვართ. საკუთარი მარტოობის ჭაში ვართ ჩაგდებულები, ჩვენი ხმა და სიტყვები არც არავის ესმის, და თუ ესმის, მსმენელი მხოლოდ იმას გაიგებს, რაც უკვე ისედაც იცის. მარტონი ვართ, რადგან არავინ გვკითხა, გვინდოდა თუ არა დაბადება და სიცოცხლე. ბოდვაა, არა? წინასწარ როგორ გვკითხავენ, გვინდოდა თუ არა დაბადება? დიახ, ბოდვაა. მაგრამ ვინ თქვა, რომ ბოდვას არსებობის უფლება არ აქვს (ოღონდ მჯეროდეს ჩემი ბოდვა) ამ მრავალფეროვნებით გაუმაძღარ და მრავაფეროვნებას დახარბებულ სამყაროში. არადა, რა იმედები ჰქონდა განათლებულ კაცობრიობას გონების ბოდვაზე, მეცნიერების მუცლითმეზღაპრეობაზე გამარჯვების. ამაოდ. ვერ გაიმარჯვა. და ეს მარცხი სამართლიანია. მეცნიერება მანამდე ვერ გაიმარჯვებს ბოდვაზე, ვიდრე სიკვდილს არ დაამარცხებს და ადამიანს ფიზიკური უკვდავებით არ უზრუნველყოფს. და სანამე ეს არ მოხდება, მეცნიერებას ზუსტად იგივე ავტორიტეტი ექნება, რაც ბოდვასა და მუცლითმეზღაპრეობას.  პოეზიას კი-მით უმეტეს.

მაშ, ერიდეთ სიცოცხლეს. სიცოცხლე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლე იწვევს სიკვდილს. სიკვდილის წინაშე კედლად აღმართული პოეტური მედიტაციებიღა თუ დაგვიხსნის ამ საბედისწერო დიალექტიკისაგან. გიორგი კეკელიძეც ამას ცდილობს.

ადამიანის შიშთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი შიში მომავალ თაობათა მეხსიერებაში ვერდარჩენის, დავიწყების, შიშია.

ბიბლიოთეკის კატალოგში მოხვედრა, ერთი შეხედვით, არდავიწყების პირობაა. მაგრამ ბიბლიოთეკა წიგნის სასაფლაოა. აქაც თაროზე დასვენებული წიგნები (რომელთაგან მრავალი თვით ავტორმა მოასვენა და დაასაფლავა) აღდგომას მოელიან. ბევრ მათგანს უხვად დაედო მტვერი. მათ არ იციან, როდის გამოიძახებს მკითხველი, ხელს შეავლებს, გადაფურცლავს და გააცოცხლებს, სამსჯავროზე გამოიტანს. ისინიც აღდგომის, გადაფურცვლის მოლოდინში არიან და არასოდეს კარგავენ იმედს. ზოგიერთი მათგან სამუდამოდ განწირულია, დრომ მოკლა. არადა, რა  რუდუნებითა და ვნებით ქმნიდნენ მათ ავტორები. რა სურდა ავტორს, რატომ წერდა, რა ამოძრავებდა? სხვათათვის ცოდნის გაზიარება თუ საკუთარი თავის დროსა და სივრცეში იმგვარად „დაგრძელება“, რომ მისი ჩრდილი მომავალ თაობას „დასცემოდა“? ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ სახელისა და დიდების მოხვეჭა – Kleos aphtiton უკვდავი სახელი – რაფსოდებისა და პოეტების მიერ ქმნილებებში შენახული, ხსოვნისა და არდავიწყების პირობაა. მაშ, შემოქმედისა და, ზოგადად, ადამიანის მთავარი შიში დავიწყების შიშია. ჩემს სიკვდილთან ერთად ჩემი ქმნილებაც მოკვდება? ასი წლის შემდეგ ცოცხალთა სამყაროში კვლავ რომ დავბრუნდე, ნეტავ ვინმეს ვემახსოვრები? მიცნობენ ქუჩაში? მოვხვდები სასკოლო ქრესტომათიაში (არდავიწყების საუკეთესო გზა. ეჰ, თუმცა იდეოლოგიები რა დაუნდობლად გადახნავენ მას, არავინ ვიცით)? ჩემს ლექსებს ხალხი ხომ არ მღერის? რამდენი ინტერნეტნახვა მაქვს? რამდენჯერ გამოიწერეს ჩემი წიგნი მკითხველებმა? რამდენჯერ მახსენა ლიტერატურულმა კრიტიკამ? თუნდაც რამდენჯერ მაძაგეს? ან იქნებ სულაც თანამედროვეთა სისასტიკის ეშინია პოეტს და პოეზია მისთვის ერთგვარი დაცულობისა და სიმშვიდის მოპოვების საშუალებაა? (შიში სოციალური წესრიგის შექმნის წინაპირობაცაა, მაგრამ ახლა აქ ამაზე არაფერს ვიტყვით. ხომ ამბობდა ერთი ფილოსოფოსი: My Mother gave birth to twins: myself and fear – დედაჩემმა ტყუპები დაბადა: მე და შიში). გიორგი კეკელიძესაც შიში აქმნევინებს, ოღონდ დავიწყების და არყოფნის შიში. არყოფნაში კი მან ერთხელ ივარჯიშა.

მაგრამ ეს ყველაფერი მოტივებია, მოტივები კი პოეტური ქმნილებისა და მკითხველისთვის არაფერს ნიშნავს. მთავარია თვით ქმნილება და არა მოტივები. და ჩემთვისაც გიორგი კეკელიძის მოტივები არ არის მთავარი, არამედ მისი ქმნილება.

პოეზია სუბიექტურად-ობიექტური „მეცნიერებაა“. მეცნიერს ამგვარი განსაზღვრების გაკეთება არ ეპატიება, მაგრამ კეკელიძის პოეზია ასეთია: სუბიექტურად-ობიექტური: მისი განცდილი სამყარო სუბიექტურია, მისი ლექსის თემები ყველასათვის საერთო.

ქართველებს დიდი ფილოსოფიური სისტემები (სულო ცოდვილო და, არც დიდი პროზა) არასდროს შეგვიქმნია, მაგრამ საქართველო დიდი პოეტური მემკვიდრეობის ქვეყანაა („რად უწოდებენ საქართველოს მგოსანთა მხარეს“). პოეზია მუზების კარნახით იქმნება, ფილოსოფია კი ხანგრძლივ რეფლექსიას გულისხმობს, მასში ბევრი სიბრძნეა, მაგრამ ცოტა სიხარული. დიდ ფილოსოფიურ სისტემებს, და, ზოგადად, თეორიებს, ის კულტურები ქმნიან, რომლებიც „მერსედესებს“ ამზადებენ. დიდი თეორიები დიდი ინდუსტრიების საქმეა. პოეზიას კი მძიმე ინდუსტრია არ სჭირდება, არ სჭირდება ტექნოლოგია. პოეზიას სჭირდება ტრადიცია და ემოცია, ტკივილი და არყოფნის შემოქროლა. არყოფნა და ტკივილი გიორგი კეკელიძის ხელობაა. (მინდოდა მეთქვა საქართველოში პოეზია იმერლების საქმეა-მეთქი, მაგრამ არ ვიტყვი, გინების ღვარის მეშინია; პოეზია მათია, ისევე როგორც ხაჭაპური, უფრო სწორედ მისი კლასიკური ვერსია. ამიტომ, როცა გიორგი კეკელიძის პოეტური კრებული გადავშალე, ჩემთვის ჩავილაპარაკე: ნუთუ გურულებიდანაც გამოვიდა პოეტი? …არ გეწყინოთ გურულებო. განა თქვენი კრიმანჭული ერთი დიდი პოეზია არ არის? თუმცა ბარათაშვილისა და ვაჟას სახით მძიმე წონიანებთან გვაქვს საქმე. ეჰ, ნეტავ მხოლოდ ეს იყოს ჩვენი საზრუნავი). ამიტომ დაბალტექნოლოგიურ საქართველოში ყოველთვის შეიძლება დაიბადოს პოეტი. ჩვენ პოეტებს ველოდებით. ჩვენ ველოდებით გამოცხადებას. ჩვენ პოეზიის „ხამები“ ვართ, პოეზიით ვსუნთქავთ, ჩვენი მთები ლექსებისაგან არის შექმნილი. სადღაც აკა მორჩილაძეს უთქვამს (მგონი, ობოლეში“) დასავლეთის ავტობანმა საქართველო მოშალაო, ძველი საქართველო აღარ იქნებაო, „აღმართ- აღმართ“ ტაატით მიმავალი ქართველები გავქრებითო. ახლა ციტატას ვერ ვიპოვი. მაპატიოს აკამ და, შესაძლოა, მთლად ასეც არ უთქვამს. დავაბრალებ.

დრო აჩქარდა, ვამბობთ სოციოლოგები (იხ. Hartmut Rosa, Beschleunigung und Entfremdung.Entwurf einer kritischen Theorie Speatmoderner Zeitlichkeit, 2013). უკვე არ არსებობს „გუშინ“, ყველაფერი აქ და ახლაა. სადღაც მივიჩქარით, მივქრივართ, დიადი საქმეები გველოდება და ჩვენს შექმნილ ქიმერებს ჩვენვე ვემონებით. არც სიცოცხლისთვის გვცალია და, მითუმეტეს, არც სიკვდილისთვის.

ეგებ იმიტომაც ვებრძვით მოდერნიზაციას და ინდუსტრიას, რომ გვეშინია მასში პოეტმა ადგილი არ დაკარგოს, მუზა დაუფრთხოს და ლექსი ვერ შეიქმნას. ეგებ, ინდუსტრიალიზაციის სახელით პოეტები გავასახლოთ. მაშინ გიორგი კეკელიძეც გავაძევოთ საქართველოდან.

არიან სიკვდილის პოეტები და არიან უბრალოდ პოეტები. გიორგი კეკელიძე სიკვდილის პოეტია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ბარათაშვილი, ვაჟაც, აკაკიც, გალაკტიონიც, ტერენტი და თვით რუსთაველიც კი თავის „სიმუხთლის ჟამით“ – სიკვდილის პოეტები არიან. მთავარი სიკვდილია, რადგან ცხოვრება მხოლოდ სიკვდილისათვის მზადებაა, ავადმყოფობა კი სიკვდილში მეცადინეობა და ვარჯიშია. ადამიანთა მთავარი საზრუნავი: ეროსი და თანატოსი.

ყველა პოეტი ვიზიონერი და წინასწარმეტყველია. კეკელიძეც ასეთია. უკვე აღარ მოვკვდებით სახლში, აღარ გავემგზავრებით სახლიდან მარადისობაში, ვეღარ გვეღირსება ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების ხელების სითბო, რადგან სიკვდილიც ტექნოლოგიური ციკლის ნაწილი გახდება, ისიც ინდუსტრიალიზაციას და მკაცრ ინსტიტუციონალიზაციას დაექვემდებარება. ჩვენ გავხდით Homo clausus – საკუთარ გარსში და ეგოიზმში გამოკეტილი ადამიანები, სოციალური კომპეტენციები ინსტიტუტებს გადავაბარეთ. და თანაგრძნობაც კი, ზედამხედველობითა და Supervisor-ებით გვაქვს დაზღვეული. კეკელიძის ერთი ლექსი სწორედ ასეთი ფარატინა გარდაცვალების ისტორიას მოგვითხრობს.

და მღერის, მღერის კალამის წვერი. კალამის წვერიბულბულის ნისკარტი.” და, უცნაურად, ეს კალამის წვერი და ბულბულის ნისკარტი არის სიცოცხლე და მისი გაგრძელების, მის მიერ მოტანილი სიხარულის გარანტია.

და პოეტებო,  ნუღარ შეგეშინდებათ, რადგან დემოკრატიაც, უპირატესად, მოშურნეობაზე და კონკურენციაზე დგას და არა ღირსებაზე. იყავით შურიანები და ლექსით დახოცეთ ერთმანეთი.

                                                           Image

 პ რ ო ფ ე ს ო რ ი ს    დ  ა  კ  რ  ძ  ა  ლ  ვ  ა                                                                                                  ანუ             

                                                                               ამბავი უ-საზოგადოებისა  

                                                                        კახაბერ თენგიზის-ძე  ჯაყელი

19 სექტემბერი, 2023 წელი

იგი ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილი მორიდებით იწვა შავ კუბოში, პერანგის საყელო გახსნილი ჰქონდა, სახეზე ტკივილი და სევდა აღბეჭდვოდა, გარკვეული სინანულიც იკითხებოდა მის ბაგეზე, მაგრამ ყველაზე მეტად მის გრძნობათა შორის დაბნულობის ანაბეჭდი იგრძნობოდა. ულვაშების თხელი ზოლი მიყვებოდა მკაცრ და პატიოსან სახეზე, ხელები გაშეშებოდა და იწვა მარტოდ-მარტო!  მთლად მარტოც არ იყო, თავს თეთრწვერიანი, კეთილი სახის მოხუცი ადგა, რომელიც უმწეობის მდგომარეობიდან მერაბის გარდაცვალების ამბავს გამოეყვანა. ღვთაებრივი სახე ჰქონდა ამ მოხუცს, კეთილშობილი ნაკვთები, ცრემლიანი თვალები, გრძელი თეთრი თმა და წვერი, ტირილის დროს უთრთოდა, მე მეგონა არც შემომხედავდა მაგრამ, რომ დამინახა სამგლოვიარო დარბაზში შესული, იმ წამსვე ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამომართვა. რა უნდა თქვა ასეთ დროს, ან სიტყვებს თუ აქვს აზრი? მაგრამ რაც გამახსენდა ის ვთქვი და მოხუცს მაგრად ჩამოვართვი ხელი, ცრემლიანი თვალებით მიმზერდა მოხუცი და რაღაცნაირი იმედითაც, რადგანაც დასაფლავებაზე მეოთხე თუ მეხუთე კაცი ვიყავი და ჭირ-ვარამის გამზიარებელი, სამძიმარზე მოსული ადამიანების სიმცირის გამო, როგორც ჩანს იმედის ჩანასახი მივიტანე იმ დარბაზში.

მოხუცი მიმზერდა, შემდგომ მაღალი მამაკაციც მომიახლოვდა, ქალბატონი იქვე დადიოდა ლოცვანით ხელში და მღვდელს ესაუბრებოდა რომელიც წესის აგებისათვის დამწვარი საკმეველის სურნელში იყო გახვეული ეს ეს იყო და ეს. სულ ოთხნი ვიყავით მერაბის დაკძალვის დღეს, დღის პირველის ნახევარზე.

  • დიდი პროფესორი იყო, ძლიერი მაკრო-ეკონომისტი, ძალიან უყვარდა ყველას და მოვლენ ალბათ პირველი საათისათვის ჩვენი უნივერსიტეტიდან – ვთქვი მე, ალბათ უფრო იმისათვის რომ დუმილი აღარ შეიძლებოდა.
  • გუშინ იყვნენ მგონი თქვენები – მითხრა მაღალმა მამაკაცმა და გაჩუმდა.

მე ჩემს ფიქრებში ჩავიძირე. მერაბის გარდაცვალების ამბავი წინა დღეს, ფეისბუქიდან შევიტყვე. შემდეგ ერთმა სტუდენტმა მოსაგონარი კომენტარი მიაწერა ნეკროლოგს : „ბატონმა მერაბმა გამოცდაზე 300 საკითხი მოგვცა, შემდეგ შევეცოდეთ და 5 საკითხო მოგვაკლო“. ამ ტექსტს სტუდენტმა გულებიც მიამაგრა. რას იფიქრებდნენ მაშინ ახალგაზრდები, როდესაც გაიგებდნენ რომ სამასის ნაცვლად ორასოთხმოცდათხუთმეტი საკითხი უნდა დაესწავლათ გელბრეიტის წიგნიდან.

თავის დროზე, როდესაც მერაბი არ ახარებდა ზარმაცს და მოუმზადებელ სტუდენტს, იმასაც ამბობდნენ მასზე რომ იგი უშიშარი, უკომპრომისო და რისხვა იყო ზარმაცებისათვის.  ერთმა ახალგაზრდამ მითხრა – „მერაბს კარატეში შავი ქამარი ჰქონია, ამიტომაც მასთან ვერაფერს გააწყობ, ჯობს ისწავლო…“.

მერაბი აშკარად ცდილობდა უახლესი ცოდნა არაჩვეულებრივად, საინტერესოდ მიეწოდებინა სტუდენტი ახალგაზრდობისათვის და ამავე დროს ყოფილიყო საოცრად უბრალო, წესიერი, მორიდებული და გულჩათხრობილი.

მე და პროფესორ ნიკოლასს იგი მანამდე გვესალმებოდა, სანამ ნიკოლასს მისთვის გაუმხელია რომ  „მერაბისათვის საცოლეს ამორჩევით ფარულად იყო დაკავებული“!

ეს ამბავი ფიარის პროფესორმა ნიკოლასმა მეც გამიმხილა და ისიც მითხრა რომ ამ საქმეში ჩემს დახმარებას ელოდა. მე კი ვუთხარი რომ ეს იდეა, ანუ მერაბის დაქორწინება ეგრეთ წოდებული წყალ-წაღებული ბიზნესივით იყო და ხელი ჩავიქნიე.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ფიარის პროფესორმა ნიკოლასმა მერაბს აუწყა გადაწყვეტილება შესაძლო საცოლეს არჩევის შესახებ და სწორედ ამ წამიდან, მაკროეკონომისტმა და ინდიკატორების მოყვარულმა მერაბმა ნიკოლასი ამოშალა ნაცნობ-მეგობრების სიიდან.

„აღარ მესალმება რაც დაქორწინება დავუპირე“ – იღიმებოდა ნიკოლასი, რომელიც ორ წყვილ სათვალეს ატარებდა. ერთი სათვალე შუბლზე და მეორე თავის-ქალის თხემზე მის გარეგნობას ჯუნგლებში მოხეტიალე ნატურალისტის იერს აძლევდა.  

„არც მე “- ვთქვი და ნიკოლასს დავემშვიდობე. მართლაც მერაბი  გამარჯობის თქმასაც ხშირად აგვიანებდა და ამის შემდეგ, როდესაც დავინახავდი ამ საავდროდ განწყობილ, მუდამ რაღაცაზე გაბრაზებულ კაცს, პირველი ვესალმებოდი და ჩემს საქმეს ვეშურებოდი.

ჩვენი ნაცნობობა დიდი მოვლენებით არ გამოირჩეოდა. ერთად არც ღვინო და არც ჩაი დაგვილევია, თუ არ ჩავთვლით ერთ სასიამოვნო საღამოს, როცა რექტორმა, მთელი უნივერსიტეტი პლეხანოვზე, რესტორანში დაგვპატიჟა და მაშინ გავიგე რომ თითქოსდა კუშტ და ჩაფიქრებულ მაკროეკონომისტს საკმაოდ მოსწრებული ენა ჰქონია და მისი იუმორით ყველა აღფრთოვანებული დარჩა!

რაც მთავარია პიროვნება იყო! ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანი ებარა და საქართველოს ყველა უნივერსიტეტში, გნებავთ ქართულად თუ ინგლისურად ამ საგნის პატრონად, ლექტორად და მენტორად სწორედ მერაბი მიაჩნდათ!

მაკრო-ეკონომიკა დიდებული თემაა, თუ მას ფლობ ესეიგი პოლიტიკოსებთან თანაზიარი ხარ. არც კი ვიცი, იქნებ ვინმეს უფიქრია მერაბი პოლიტიკაში მიეყვანა, მაგრამ ალბათ არც არავის გამოუვიდოდა ეს ჩანაფიქრი და რატომ.  მაკროეკონომიკა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია პრემიერ მინისტრის თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თავზე, ამიტომაც ეკონომიკის ექსპერტები  ამ თემით, თუ ღრმად იციან, მაშინ ვაჭრობენ და თუ არ იციან მაშინ სავაჭროდ არც ვარგიან.   მერაბი კი ვერ წარმომიდგენია ამ სავაჭროში და მომკალი! მაგრამ მისი პრინციპულობით, საქმის ცოდნით, უშიშარობით, სწორედ მერაბი დადგებოდა ქვეყნისათვის საჭირო პოლიტიკოსი. მაგრამ არ შედგა ეს ყოველი! ადამიანი დარჩა უნივერსიტეტში. დარჩა იქ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე კეთდება თითქოს! 

ადამიანის აღზრდა ადვილი საქმე არ არის! მერაბი ახერხებდა. მის მაკროეკონომიკას ელოდნენ წარმატებული სტუდენტები და შედგომში წარმატებული ადამიანები. მე ვიცი მრავალი ახალგაზრდა, რომელიც მერაბის მაკროეკონომიკის ხათრით მის პროგრამაში ჩაერიცხა, უნივერსიტეტიც შეიცვალა და პროგრამაც და შემდეგ მერაბის მიერ გამომწვარი ქვევრივით, კარგ ჭურჭლად იქცა მომავალი პროექტებისათვის. ასეთი ბევრი იყო, მაგრამ დასაფლავებაზე რატომ ვიყავით მხოლოდ მე, ღვთისნიერი თეთრთმიანი და თეთრწვერა მოხუცი, მაღალი გამხდარი კაცი, ერთი ქალბატონი და მღვდელი?

ეს კითხვა არ ეხება თავად მერაბს, არც მის უნივერსიტეტს, ეს კითხვა ეხება საზოგადოების ხარისხს გამოხატოს მადლიერება იქ და განსაკუთრებით ბოლო გზაზე დამდგარი პიროვნების მიმართ, როცა ეს აუცილებელია!

საკითხის მნიშვნელოვნებისათვის დეტალებსაც გავამხელ და ვიტყვი რომ ივლისის ცხელ თვეს მერაბს ბოლო ლექცია რეანიმაციიდან ჩაუტარებია! წარმოგიდგენიათ, სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე პროფესორი ითხოვს კომპიუტორს, თავისი ჯიუტობით აღწევს იმას რომ მას ლექციის ჩატარების უფლებას რეანიმაციის ექიმები აძლევენ და შემდეგ რთავს კამერას, სტუდენტებს ეუბნება რომ არის ცოტა შეუძლოდ და უტარებს მათ ბოლო ლექციას ინფლაციის მრუდისა და მაკროეკონომიკური წონასწორობის, ან მენქიუს „უჩინარი ხელის“ შესახებ!

ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი ძლევს საკუთარ ტკივილს, საკუთარ მდგომარეობას და სტუდენტებს არწმუნებს იმაში, რაც თავადაც ენატრება. სიკვდილთან ასე ახლოს იგი იმედს არ იტეხს და რადგანაც მაკროეკონომიკა ეს არის მეცნიერება რაციონალური ადამიანის გონებრივი მიღწევების შესახებ, ის ამ მიღწევების იმიტაციას ახდენს იმდენად სრულყოფილად, რომ მას ავიწყდება საკუთარი სავალალო ჯანმრთელობა. ამ ლექციიდან ერთი საათის შემდეგ მერაბი გამოცოცხლებულია, ის მისთვის სათაყვანებელი შვედი ეკონომისტების გვერდითაა, მათთან აზრობრივ კავშირშია და ამ დროს ექიმი მას განგრენისაგან დაზიანებული ფეხის ამპუტაციას სთავაზობს. „არასოდეს“-ამბობს მერაბი და ამის შემდეგ ცხოვრება ქრება. ექიმთან საუბრის დროს მის ბრწყინვალე გონება და პატიოსანი გული კონვულსიებშია და მერაბი კვდება ქალაქ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში!     

   ეს ამ ისტორიის დასასრული რა თქმა უნდა არც არის, ტრაგედია გრძელდება. ურეკავენ საქართველოდან გადახვეწილ მერაბის ერთადერთ დას ამერიკაში. განწირული ქალი გრძნობას კარგავს! მერაბის გვამს გადაასვენებენ საბურთალოს სასაფლაოზე სარიტუალო სახლში, მესამე სართულზე, მე-5 ოთახში და ელიან სამძიმარზე მოსულ ადამიანებს, სტუდენტებს, ლექტორებს, საზოგადოების გამოჩენილ თუ ნაკლებად გამოჩენილ პირებს.

ცხელა, ცხელა, ცხელა, ცხოვრება მიჰქრის, ვიღაცას ბათუმისკენ გაუწევია, ვიღაცას ანტალიისაკენ, ვიღაცა თათბირზე გარბის, ვიღაცას კრება აქვს და ასეთი კაცის დაკრძალვაზე საბოლოოდ  იკრიბება მხოლოდ 14 კაცი.   

    რაც ყველაზე სავალალოა არ ჩანდნენ სტუდენტები, რომლებიც მანამდე ფეისბუქზე წერდნენ თბილ სიტყვებს მიცვალებულის შესახებ!

სარიტუალო სახლში, მესამე სართულზე დიდი სარკმელი გამოეღო ვიღაც ხვთისნიერს. იმ სარკმელიდან მოსჩანდა უამრავი დაუმთავრებელი მშენებლობა და გადათხრილი ქუჩა, საცობში გაჭედილი მანქანები, გძნობისაგან დაცლილი ინდივიდები და უსაზოგადოება!

სად ვკრძალავთ ცხონებულს – იკითხა ვიღაცამ!

კუკიაზე მივასვემებთ – იყო პასუხი!

  

Image
სერგო ქობულაძე – ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები


„ვეფხისტყაოსანში ორჯერ გვხვდება გამოთქმა ,,მართალი სამართალი“, სამართლებრივი ტერმინი, რომელიც ქართული სამართლის ძეგლების მიხედვით, სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა სწორ, მართებულ. ჭეშმარიტ სამართალს, სწორად გამოტანილ გადაწყვეტილებას,
განაჩენს, გამრუდებული სამართლის, განაჩენის, გადაწყვეტილების საპირისპიროდ. მართალი სამართლის“ ცნების გვერდით იპოვება „ავი სამართალი“, „სამართლის სიმრუდე“ და სხვა.
„მართალი სამართლის“ შესახებ პოემაში საკმაოდ უხვი სამეცნიერო ლიტერატურა არის შექმნილი. ერთმანეთს ეპაექრებიან იურისტები და ფილოლოგები (ვ. აბაშმაძე, ივ. სურგულაძე, ე. ხინთიბიძე, ალ. ფოცხიშვილი). სტატიის ფარგალი არ გვაძლევს საშუალებას, მოკლედ მაინც მიმოვიხილოთ გამოთქმული მოსაზრებანი, თუმცა ეს არც არის ჩვენი მიზანი. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ყველა მათგანი, პირდაპირ თუ შემოვლით, ცდილობს გაამართლოს ის აქტი, რომლისკენაც ნესტანმა უბიძგა ტარიელს და რომელსაც მან ,,მართალი სამართლის“ კვალიფიკაცია მისცა.
პოემაში დადასტურებული ორივე შემთხვევა ,,მართალი სამართლის“ ხმარებისა ნესტანს ეკუთვნის. პირველად მან ეს ცნება გამოიყენა სასიძოს ლიკვიდაციის გამართლების მიზნით – ანუ ინდოეთში დატრიალებული დრამის დასაწყისში, და მეორედ ქაჯეთის ციხიდან ტარიელისადმი მოწერილ წერილში ანუ მაშინ, როცა, ამთავითვე ვთქვათ, ,,მართალი სამართლის“ სახელით აღსრულებული იმ საბედისწერო აქტის შედეგს იმკიდა.
გავიხსენოთ პირველი შემთხვევა:
მიბრძანა, თუ: ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:
რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
ბოლო სტრიქონში შესანიშნავად არის განმარტებული ,,მართალი სამართლის“ ცნება. აქ გაცხადებულია „მართალი სამართლის“ ონტოლოგიური ღირებულება, როგორც ისეთი სამართლისა, რომელიც არა მხოლოდ ადამიანთა ურთიერთობებს აწესრიგებს, არამედ ბუნებასაც მსჭვალავს, მკვდარ ბუნებაში შეაღწევს და სიცოცხლე შეაქვს მასში. ამ განმარტებით, ჭეშმარიტება, სიმართლე და სიცოცხლე თანაბარი ონტოლოგიური ღირებულების რეალობებია. ამ განმარტებას, (ცხადია, პოემის გენიალური ავტორი იძლევა ნესტანის პირით, მაგრამ იზიარებს თუ არა ავტორი თავისი გმირის მცდელობას, ამ მაღალი ღირებულების ცნებით გაამართლოს ის საქციელი, რომლისკენაც იგი თავის სატრფოს აქეზებს?
რამდენადაც ბრძნულია განმარტება, იმდენად აბსურდულია დამოწმებული სტროფის პირველი სამი სტრიქონი, სადაც ნესტანი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის ტარიელის მოქმედებაზე, რომლის აღმძვრელი თავად არის, და ყველაფერ იმაზე, რაც შეიძლება ამ მოქმედებას მოჰყვეს. ან თითქოს, პოლიტიკური თვალსაზრისით, თანმხლები სპის სისხლი უფლისწულის სისხლზე უპირატესი იყოს (“დიდი სისხლი“). ამავე დროს, გავიხსენოთ, რას ეუბნება ცოტა ხნის წინ ნესტანი თავის სატრფოს: “თუ სასიძო არ მოუშვა, ვათუ მეფე გაგიმწარდეს, // შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!” თითქოს მეფე ნაკლებად უნდა გამწარებულიყო უფლისწულის მოკვლით, რომელიც მან თავად მოიწვია თავის სამეფოში. თითქოს არ უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი ფარსადანისგან ის სიტყვები, რაც მან თქვა ფაქტის შემდეგ: “ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?“ ეს სისხლი მხოლოდ უბრალო არ იყო, სამეფო სისხლი იყო! შემდეგ: ნესტანს ურჩევნია ,„დედლურაღ“ მოგვარდეს საქმე, რომ არ გახმაურდეს მკვლელობა ანუ სასიძო მიპარვით მოიკლას. მაგრამ ამ საქმის აღმსრულებელს მაინც მოუხდა მდევარის დახოცვა, ქვეყნის შუაგულში მაინც ლდაღვარა „დიდი სისხლი“, ასეთი რჩევა არ ჰგავდა გონივრული განსჯის
ნაყოფს (მიბრძანა, თუ: გონიერი, ხამს, აროდეს არ აჩქარდეს’).
მით უფრო ნაკლებად შეიძლება ეწოდოს მას ,,მართალი სამართალი“. ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ მოხდა, რასაც „ბრძენი“ ნესტანი ვარაუღობდა. საქმის შედეგი იმ დღესვე იწვნიეს. ამაზე იტყოდა პოემის ავტორი: „უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია” აღგზნებული ნესტანის ბაგეებში ,მართალი სამართალი“ მხოლოდ სოფიზმია, რომლითაც ის ცდილობს უდანაშაულო უფლისწულის მკვლელობას (იხ. მ. კარბელაშვილის სტატია „ორი ბიბლიური პარალელი ვეფხისტყაოსნის ერთი ეპიზოდისათვის“).
„მართალი სამართალი“ აღადგენს სამართლიანობას, ანუ, როგორც იტყვიან, მისი აღსრულებისას ,,სამართალი პურს ჭამს“, ის სჯის უსამართლობას. „მართალი სამართალი“ არ არის რელატიური სამართალი. „მართალი სამართალი“ არ შეიძლება ეწოდოს ისეთ სამართალს, რომელიც უსამართლოდ ემსახურება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას. დავსგათ კითხვა, თუ რაში მდგომარეობს ხვარაზმის უფლისწულის დანაშაული? კითხვას ვსვამთ, რადგან კატეგორიულად გაურბიან მის ცნობას უდანაშაულოდ, რადგან თუ ის “უდანაშაულოა, დამნაშავეებად ჩვენი სახელოვანი გმირები გამოჩნდებიან. ეს კი ჩვენ არ გვსურს. პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ ისინი გამართლდნენ და განდიდდნენ, თუნდაც ეს მათი „ანტაგონისტის“ გამტყუნებით და დამცირებით მოხდეს.
სამეცნიერო ლიტერატურაში ვკითხულობთ: „ხვარაზმშას შვილი ბრალის მქონეა, მისი მოქმედება ბრალს შეიცავს და ამიტომ იგი უნდა დაისაჯოს.. ხვარაზმშას შვილის მოქმედება ანტიზნეობრივია. იგი ფეხქვეშ თელავს ფეოდალური არისტოკრატიის მაღალზნეობრიევ ნორმებს… ხვარაზმშას შვილს გადაწყვეტილი აქვს ცოლად შეირთოს ნესტანი, რომელსაც პირადად არ იცნობს და არც უცდია გაეგო ამ უკანასკნელის აზრი ქორწინების თაობაზე…“ (ვ. აბაშმაძე, ,,მნათობი“, 1, 1966, გვ. 160).
ვიკითხოთ, რაში მდგომარეობს ხვარაზმშას ძის ბრალი? იმაში, რომ ის ოფიციალურად მოიწვიეს, როგორც სასიძო? იმაში, რომ უფლისწულია და უფლება აქვს შეეუღლოს ინდოეთის პრინცესას? იმაში, რომ ის უცხოელია?
იმაში, რომ ეროვნულ ნიშანს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მეფის სტატუსისთვის, რადგან მეფობა ზეეროვნული ინსტიტუტია? (მეფე ემსახურება იმ ქვეყანას, თავსაც დასდებს იმ ქვეყნისთვის, სადაც გამეფდება, თუნდაც არ იყოს ამ ქვეყნის ხალხის სისხლი და ზორცი).
იმაში, რომ სამეფო სახლებს შორის ქორწინების დროს არ არის მიღებულ-გათვალისწინებული დასაქორწინებელთა წინასწარი გაცნობა?
იმაში, რომ ამგვარი ქორწინებები სიყვარულზე არ არის დამყარებული? იმაში, რომ მან არ იცოდა თაგისი მომავალი მეუღლისა და ამირბარის სიყვარულის ამბავი? (რატომ და საიდან უნღა სცოდნოდა, თუ სამეფო კარზეც არ იცოდნენ).
გამოძებნილია განტევების ვაცი, უცხოელი უფლისწულის სახით, რომლის სისხლს ბრალი უნდა ჩამოეწმინდა რეალური დამნაშავისთვის. მაგრამ ამას აკეთებს არა პოემის ავტორი. არამედ აკეთებენ მკვლევარნი რომელთაც გერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან პრემის ავტორი და პოემის გმირი, რომელსაც მინიჭებული აქვს შეცდომის უფლება; რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ ავტორი არ არის პასუხისმგებელი და არ( საჭიროებს გამართლებას პერსონაჟის საქციელის გამო. რეალური დამნაშავე, რომელმაც გამოიწვია სხვა დანამაულები (თუმცა ამით იმ სხვათ არ ეხსნებათ პასუხისმგებლობა), არ არის შორს საძიებელი. ეს ფარსადანია, რომელსაც პასუხი უნდა ეგო (და აგო კიდეც) იმისათვის, რომ პირი უშალა სარიდანს და უფლისწულობა ჩამოართვა მის ვაჟს. უცხოელი უფლისწულის მოყვანა სიძედ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ ქვეყანაში არ აღმოჩნდებოდა სხვა სამეფო სახლი. ინდოეთში არსებობდა ასეთი სახლი იმ დინასტიის სახით, რომლის უკანასკნელი წარმომადგენელი ტარიელი იყო. ამიტომაც გამართლება არ ეძებნება ხვარაზმის უფლისწულის მოწვევას – ეს პირველი შეცდომა იყო, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა „ფარსადანს დაეკისრა.
ფარსადანის ბრალმა გამოიწვია ნესტანის ბრალი, ნესტანის ბრალმა – ტარიელის ბრალი. ყველამ თავის წილ ბრალზე აგო პასუხი, ყველამ საკუთარი სასჯელი მიილო. ფარსადანი „მტერთაგან შეიწრებულია“, ნესტანი ქაჯეთის ციხეშია, ტარიელი – უდაბნოში ხეტიალობს, კაენივით დაძრწის.
ყველაფერი, რაც ღაემართათ გმირებს, იმას მოწმობს, რომ დაშვებული იქნა შეცდომა და რომ ნესტანისა და ტარიელის მოქმედება არ ემყარებოდა „მართალ სამართალს“. მათ მიერ გაჩენილ ,,მართალ სამართალს“ არათუ ხმელი ხე არ გაუნედლებია, არამედ გახმობამდე
მიიყვანა ინდოეთის სიცოცხლის ხე. ამიტომაც სრულიად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ,რუსთაველი მთლიანად თანაუგრძნობს ნესტანსა და ტარიელს და სამართლიანად თვლის მათ მოქმედებას…“
შეუძლებელია, პოემის ავტორი დასტურს სცემდეს იმ მოქმედებას, რომელსაც ხსნის ნაცვლად დიდი უბედურება და განსაცდელი მოაქვს გმირებისთვის.
ავტორი თავის გმირებს მოქმედების თავისუფლებას აძლევს და სრულებითაც არ არის ვალდებული, იზიარებდეს მათ ზრახვებს და დასტურყოფდეს მათ მოქმედებას.
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ მნიშენელოვანი ნაწილი პოემისა მოთხრობილია არა ავტორის, არამედ პოემის გმირის მიერ. იქ, სადაც ავტორი გამოდის მთხრობელად, მისი მონათხრობის უტყუარობა აბსოლუტური ხასიათისაა და ავტორი თავის ნათქვამზე აგებს პასუხს. როცა ავტორი გამოდის მთხრობელის როლში, იგი ობიექტურად გვიამბობს ყველაფერს, რაც მან ნამდგილად იცის. იგი ატარებს თავისი ქმნილების აბსოლუტურ ცოდნას. სხვა ვითარებაა, როცა მთხრობელი ნაწარმოების გმირია, ამ შემთხვევაში ტარიელი, რომელიც სუბიექტური თვალთახედვით გადმოგვცემს ამბავს. პოემის ავტორი არ აგებს პასუხს არც ტარიელის ნაამბობზე, არც მის საქციელზე. უტყუარობის ხარისხი აქ დაცემულია. მაგალითად, ტარიელმა შეიძლება არ იცოდეს. თუ რა პირობებში მოხდა მამამისის სამეფოს შეერთება ფარსადანის სამეფოსთან, რა მიზეზით გაცვალა სარიდანმა მეფობა ამირბარობაზე, რამაც ფარსადანის გაამაყება-აღზევების
ახალი საფუძველი შექმნა. ,,თქვა: ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!“ რომელ მეფეს გაუცვლია მეფობა მის უდარეს ხელობაზე? რისთვის? მხოლოდ იმისათვის რომ ეს სიტყვები წარმოთქმულიყო? შესაძლებელია, ამ აქტის უკან წმიდაწყლის ანექსია
იმალებოდეს, რამაც ტარიელამდე ნებაყოფლობითი შეერთების ვერსიით მოაღწია (იხ. ,ავთანდილის ანდერძი”).
როცა ავტორი ყვება ამბავს, ეს შესაქმის აქტის ბადალია. რასაც ის ამბობს, ჭეშმარიტებაა; ის არის, რაც უნდა არსებობდეს, რაც არსებობის ღირსია, რაც ჯერარსია. ასეთია არაბეთი, რომლის ამბავს ავტორი გვიამბობს. არაბეთის საპირისპიროა ინდოეთი, რომელიც შორს
არის ჭეშმარიტი ყოფისგან, ჯერარსული მდგომარეობისგან. თუ არაბეთი ობიექტური თვალით არის დახატული, ინდოეთის ხატი სუბიექხური თვალით არის დანახული. ბევრი რამ იქ პერსონაჟთა თვალთახედვით არის გადმოცემული. არაბეთი ჰარმონიული ქვეყანაა, მისი გმირები გაწონასწორებულნი არიან, ყოველი მათი სიტყვა აფორისტულია, ანდრეზულია, ძველი ტრადიციული სიბრძნის შემცველი. თუ არაბეთში როსტევანი, ავთანდილი, გინდა თინათინი, ახსენებდა ,,მართალ სამართალს“, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ნამდეილად „მართალი სამართალი“ იქნებოდა და არა მისი საპირისპირო რამ.
ინდოეთიც სამეფოა არაბეთივით, თუმცა ის სრულიად განსხვავებული სტრუქტურისაა: ის ქმნადობა-შენების პროცესშია. მის გმირებს აკლიათ გაწონასწორება, ამას ისინი პოემის დასასრულს მოიპოვებენ დიდი განსაცდელის გავლის შემდეგ.
არ არის შემთხვევითი. რომ ნესტანს ასეთი თვითნებური წარმოდგენა აქვს ,,მართალ სამართალზე“. ნესტანი მიშვებულია აგტორისგან, ის ჯერ კიდევ ფორმირების, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესშია. მისი მოქმედება იმპულსურია. რაოდენ შორს არის იგი თინათინისგან, რომელიც ზნეობრივად და ინტელექტუალურად ზრდადასრულებული
ადამიანია. ის სრულია (ბიბლიური გაგებით, როგორც არიან დახასიათებული ნოე, იაკობი და სხვანი) ისევე, როგორც სრულია მთელი არაბეთი და ის მიაღწევდა საბოლოო სისრულემდე (სრულყოფილებამდე), რომ უცხო მოყმის მოულოდნელი გამოჩენით უსრული ქვეყნის ამბავი არ გაცხადებულიყო.
როგორ აფასებს პოემის ავტორი „მართალი სამართლის“ ნესტანისეულ გაგებას ანუ, უფრო სწორად, ტარიელის საქციელს – უფლისწულის მოკვლას?
ავტორი ამ აქტის შეფასებას ტარიელის აღიარებით გვიცხადებს. ტარიელმა განიცადა ბედის დარტვმა და ახლა, უდაბნოს პერიოდში, მას უკვე შეუძლია ობიექტურად შეაფასოს თავისი საქციელი, კრიტიკულად შეხედოს თავისი ცხოვრების ინდურ პერიოდს. თუმცა აქ, თავის
აღსარებაში, ტარიელი ისევე ლაკონიურია, როგორც თავად ავტორი.
აი, როგორ გადმოსცემს, როგორ გვიამბობს (მკითხველს და ავთანდილს) ტარიელი იმ საბედისწერო აქტს:
კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით,
უსისხლოდ მოეკალ იგი, გლახ, თუცა ხმდა სისხლისა დენით.
აშკარაა, რომ ამ სიტყვებით სინანულია გამოხატული. აქ ხორციელდება ტარიელის მეტანოია (სინანული), ვხედავთ მის ნაყოფს.
ამ სტრიქონების სხვა ინტერპრეტაციათა შორის დამაჯერებელია ალ. ფოცხიშვილისეული განმარტება, რომელიც სავსებით ესადაგება ტარიელის იმ სულიერ მდგომარეობას, როცა იგი ჩადენილი საქციელს ფხიზელი გონებით აფასებს. ალ. ფოცხიშვილი ამგვარად განმარტავს
ტარიელის სიტყვებს: ,,მოვკალი ისე, რომ დანაშაულისათვის პასუხი არ მიგია, სისხლი არ გადამიხდია“ (იხ. „ვეფხისტყაოსნის ზოგი სადაო საკითხის გარშემო“, გვ. 79). ახლოს არის ჭეშმარიტებასთან ნოდარ ნათაძე, როდესაც ტარიელის სიტყვებში, რომლითაც ის სასიძოს მოკვლას იხსენებს და აღწერს, ტრაგიკული განცდის გამოხატულებას ხედავს (იხ. “ვეფხისტყაოსნის ფილოსოფიური მოტივები“,გე.100).
ტარიელს აწუსებს უბრალო სისხლი, რომელიც მან დაღვარა.
თუმცა ამ წუხილის გამომზეურება არ ხდება პოემაში. არც სინანულია აშკარად გამოთქმული, არამედ მხოლოდ შეფარვით იმ სიტყვებში, რომლებიც წარმოთქმულია კატასტროფის შემღეგ ჯერ ჯტარიელისა, როგორც აღსარება აგთანდილისადმი, და მერე ნესტანის მიერ, როგორც აღსარება ტარიელისადმი.
ნესტანი თავის წერილში ტარიელისადმი, რომელიც მან ქაჯეთის ტყვეობაში დაწერა, ერთხელ კიდევ ახსენებს ,,მართალ სამართალს.აი, ეს სტრიქონი:
ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად.
ვერ ვიტყვით, რომ ეს სტრიქონი ბოლომდე გასაგებია. ის კი ცხადი უნდა იყოს, რომ ამ სიტყვებში ,მართალი სამართალი“ იურიდღიული სფეროდან გულის, განცდის სფეროში ინაცვლებს, ის გაშინაგნებულია. ამ ცნებით გამოხატულია შინაგანი სიმართლე-ერთგულება, რომელიც აკავშირებს ორ გულს, გზას უხსნის ერთმანეთისაკენ. ნესტანი
თითქოს ამბობს, როცა ეუბნება სატრფოს: აჰა, გაიგე, რა ყოფილა მართალი სამართალი, ეს გულთა ურთიერთობა ყოფილა; ერთადერთი სიმართლე და სამართლიანობა ის არის, რასაც ერთი გული მეორეს ეტყვის; ეს სიყვარულის შიდა ბუნებაა, რომელიც თავისი სრულქმნისათვის არ საჭიროებს გარეშე ძალას… ნესტანი ამ სიტყვებს ამბობს, ტყვეობიდან გამოხსნისა და სატრფოსთან შეყრის იმეღს მოკლებული.
მაგრამ სიყვარულისთვის არ არსებობს საზღვრები, არც დროჟამული, არც სივრცული, ფიქრობს ის. სიყვარული ამ წუთისოფლით არ მთავრდება, ის სოფელზე მაღლა და მიღმა სუფევს და ისევე ძლევს სოფელს, როგორც ძლევს მას მართალი სამართალი, როგორც ყოფიერების საფუძველი, რადგან მასზე დგას ჭეშმარიტი ყოფიერება, არა წარმავალი სოფელი, სადაც მართალი სამართალი გაუკულმართებულია. ამის მოწმენი შეიქნენ ჩვენი გმირები და მისი შედეგიც საკუთარ თავზე იწვნიეს.
პოემაში ნამდვილად არის სინანული იმ ,მართალი სამართლის“ სახელით ჩადენილი აქტის გამო. ეს ნესტანის წერილში იგრძნობა. ამგვარ წერილს ვერ ღაწერდა ის ნესტანი, რომელიც ,.ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული“, ვერც ის, რომელიც იმ რჩევას იძლეოდა. იქ, ქაჯეთის ციხეში, ნესტანი ბრძენია, ,,მაღლა მხედია“, იქ განსრულდა მისი აღზრდა, რაც ქაჯების რძალ მის მამიდას ევალებოდა. ნესტანი ახლა თითქოს გარედან უყურებს თავის თავს, მასში გაღვიძებულია „მამხილებელი გონება“ თუმცა იგი არ გმობს გაცხადებულად ჩადენილს, არ ახსენებს იმ აქტს, რომლის გახსენება ზარავს ტარიელს. მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ მის წერილში უთუოდ გამოსჭვივის სინანული იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს.
ნესტანი მთელ გასაჭირს, რაც დაატყღა ორივეს, აბრალებს ბედს, საწუთროს. ერთი შეხედვით, თითქოს იხსნის პასუხისმგებლობას. მაგრამ თუ გავიხსენებთ „ბედის“, ,საწუთროს“ რუსთველისეულ გაგებას, უნდა დავასკვნათ, როშ ნესტანი უფრო ღრმად წვდება უბედურების მიზეზს, ვიდრე შეიძლება მოგვეჩვენოს. „საწუთრო“ პოემაში სატანის ბუნებისაა („თავი სატანას ადარე“), სატანა კი ადამის შემაცდენელია და განაგრძობს მის ძეთა ცდუნებას. იმ საქმეში, ჩვენმა გმირებმა რომ ჩაიდინეს, სატანის ხელი ურევია. ისინი მოიქცნენ საწუთროს წესით, დაჰყვნენ ამ სოფლის მთავრის ნებას, რისგანაც ისევ და ისევ სინანულის ცრემლების ღვრით უნდა გამოეხსნათ თავი. ერთადერთი სინანულის ცრემლები იყო, რომლებმაც ნამდვილად გაანედლეს გამხმარი ხე. .შ. ამ ათი წლის წინათ ქ-ნ მ. კარბელაშვილმა ზემოთნახსენებ სტატიაში (იხ. ,ლიტერატურული ძიებანი“ 1, XVI, 1987) ხვარაზმშას ძის გამართლებას ,,მართალი სამართლის“ მოშველიებით „დოგმატური თეზა“ უწოდა. მანვე დააყენა საკითხი პოემის გმირთა ხასიათის განხილვისა არა სტატიკაში, როგორც ტრადიციულად ხდღება, არამედ მათი სულიერი განვითარების დინამიკაში. ჩვენი ესეიც ამგვარი მიდგომის დამკვიდრების მცდელობაა.

Image

“ქალები განაჩენის მოლოდინში”

Older Posts »

კატეგორიები